მიტროფანე ლაღიძის ქუჩა #3
თბილისი, 0108, საქართველო
ტელ/ფაქსი: (+99532) 92 25 61, 92 25 66
info@cpcr.ge | www.cpcr.ge
  geo eng
სიახლეები
პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება (26/06/09)

გლდანის საპყრობილეში მოშიმშილე პატიმარი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გლდანის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ილია მეტრეველი უკვე 30 დღეზე მეტია შიმშილობს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ბრალდებული მიიჩნევს, რომ მას საერთოდ არ აქვს ჩადენილი დანაშაული, რომელშიც ბრალი ედება და მოითხოვს სასწრაფოდ შეწყდეს მის მიმართ უკანონო დევნა.
ბრალდებულის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” ადვოკატი კახა კვაშილავა, რომელმაც უკვე გაუგზავნა სპეცილური მიმართვები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, მთავარ პროკურორს, კახეთის ოლქის და გურჯანის რაიონის პროკურორებს და აცნობა მათ ილია მეტრეველის მიმართ უკანონო დევნის შესახებ.
ილია მეტრეველი 2009 წლის 3 ივნისს ლაგოდეხის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. მას ბრალად წარუდგინეს წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღება.
ილია მეტრეველი არ აღიარებდა ბრალდებას. მისი განმარტებით, მისმა ნაცნობმა რომან კოჭლამაზაშვილმა მას აცნობა, რომ ბავშვი ჰყავდა ცუდად და იძულებული იყო საკუთარი ჭურჭელი ჩაებარებინა. კოჭლამაზიშვილმა ილია მეტრეველს “მშრალი ხიდის” ბაზრობაზე გაყოლა სთხოვა, სადაც კოჭლამაზიშვილმა ჭურჭელი ჩააბარა, გამყიდველებს საკუთარი პირადობის მოწმობის ასლიც დაუტოვა და თანხის წასაღებად მისვლა აღუთქვა. მეორე დღეს კოჭლამაზიშვილმა ილია მეტრეველს სთხოვა, მის ნაცვლად მისულიყო თანხის ასაღებად. მეტრეველი “მშრალ ხიდზე” მეუღლესთან ერთად მივიდა. ადგილზე მას პოლიციელები დახვდნენ, რომელთაც გაერკვიათ, რომ ჩაბარებული ნივთები ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები ცირა ბაინდურაშვილის სახლიდან იყო მოპარული.
ადვოკატ კახა კვაშილავას განცხადებით, “დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღება დანაშაულია, მაგრამ ეს დანაშაულია წინასწარი შეცნობის შეთხვევაში. ილია მეტრეველმა არ იცოდა, რომ ეს ნივთები იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. პარადოქსულია ერთი ფაქტი _ ვინც ნივთები ჩააბარა და პირადობის მოწმობაც დატოვა, დაკავებული საერთოდ არ არის და მის მიმართ რაიმე სახის იძულების ღონისძიებები არ გამოყენებულა. ილია მეტრეველს რამდენჯერმე შესთავაზეს ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მცირე სასჯელს ითვალისწინებდა, მაგრამ მეტრეველმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. სანაცვლოდ კი გამოძიებისაგან “საჩუქარი” მიიღო _ სრულიად მოულოდნელად, დაკავებიდან 27 დღეს მას მძიმე დანაშაულში _ ქურდობაში _ წაუყენეს ბრალი.”
ილია მეტრეველის ადვოკატი და ორგანიზაცია “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი” მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი არაკანონიერი მეთოდების გამოყენება არათუ ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, არამედ დანაშაულებრივია და საჭიროებს მყისიერ და უმკაცრეს რეაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
8 99 27 52 08 - ადვოკატი კახა კვაშილავა